ვეტერინარული კლინიკა "ვეტექსი" და მისი ხელმძღვანელის, მარიამ (მარიკა) ჩხიკვიშვილის რჩევები


თუკი ცოტახანია, რაც ძაღლის აყვანის გადაწყვეტილება მიიღეთ, ან სულაც საჩუქრად მოგიყვანეს ის, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ პირველი ვიზიტი ვეტერინართან გარდა იმისა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, საოცრად საინტერესო გამოცდილებაცაა.

ვეტერინართან შეხვედრისას, ძაღლთან ერთად მისულს შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი კითხვის დასმის საშუალება მოგეცეთ, მის ქცევასთან და კვებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ. უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ სია, რათა უფრო ეფექტურად ჩაიაროს ვიზიტმა.

იყავით უფრო ცნობისმოყვარეები, რომ თქვენი საყვარელი მეგობრების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

სანამ კითხვებს მოამზადებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომელ კლინიკაში და რომელ ექიმთან გსურთ ვიზიტზე ჩაწერა. ვინ არის ის ადამიანი, ვისაც სრულ ნდობას გამოუცხადებთ და მიანდობთ თქვენი ძაღლისა თუ ძაღლების ჯანმრთელობას.

ამჯერად გაგაცნობთ ვეტერინარულ კლინიკას - ვეტექსი, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს ჩვენს ქალაქში. ჩვენ დავუკავშირდით კლინიკის მთავარ ვეტერინარსა და ხელმძღვანელს, საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტს და უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს - მარიამ ჩხიკვიშვილს, რომელიც არამხოლოდ საკუთარ კლინიკაზე, არამედ სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეც გვესაუბრა.


რამდენი ხანია რაც ვეტექსი არსებობს და რამდენი ექიმი მუშაობს თქვენს ვეტკლინიკაში?

ვეტექსი ფუნქციონირებს 2020 წლის 3 იანვრიდან, თუმცა მისი შექმნის იდეა უკვე წლებით ადრე არსებობდა. გვყავს ექვსი ექიმი, თუმცა შესაძლოა კიდევ უფრო გავფართოვდეთ ახლო მომავალში.


რა სერვისებს სთავაზობს ვეტექსი ოთხფეხა არსებებს?

ამ ეტაპზე: სისხლის და სხვა, მსგავსი ტიპის საკვლევი მასალების დიაგნოსტიკას, თერაპია, ქირურგია, რენტგენოლოგიური კვლევა, სამოგზაურო დოკუმენტაციისა და ანალიზების გაკეთება. აგრეთვე ვმუშაობთ მღრღნელებთან და ფრინველებთანაც. ახლო მომავალში რეპტილიებსაც დავამატებთ. მიდგომებში მაქსიმალურად ვცდილობთ დავეყრდნოთ თანამედროვე უცხოურ კვლევებს.

რა სახის აპარატურით არის თქვენი კლინიკა აღჭურვილი?

სისხლის და რენტგენოლოგიური აპარატურით. ცოტა ხანში ექოსკოპიაც გვექნება. ასევე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიებთან.


არის თუ არა აუცილებელი წინასწარი ჩაწერა თქვენთან ვიზიტზე?

ჩაწერა სასურველია ზოგადი ვიზიტებისთვის. საოპერაციოდ კი აუცილებელია.


რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს პაციენტის პატრონმა თქვენთან პირველ ვიზიტზე?

დაბადების თარიღი არის მნიშვნელოვანი და აცრების ჩანაწერები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


გაიხსენეთ თქვენი კლინიკის ყველაზე საინტერესო პაციენტი?

ბევრია საინტერესო, თუმცა გედი ალბათ ყველაზე საინტერესო იყო, თავისი ლამაზი მოღერებული ყელით.


რა საკითხებით ინტერესდებიან ყველაზე ხშირად პატრონები პირველ ვიზიტზე?

მოვლის და კვების საკითხებია ყველაზე აქტუალური პირველი ვიზიტისას.


გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ძაღლებში ჭირის ვირუსის შემთხვევებმა იმატა.

რას ფიქრობთ ამის შესახებ, საიდან შემოვიდა ვირუსი და რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქალაქში?

სეზონური მატებაა და არა რამე ეპიდემია, ჯამურად გაზრდილი არ არის სხვა წლებთან შედარებით, ვირუსი ყოველთვის იყო და იქნება. პანიკა საჭირო არ არის, მთავარია დროული ვაქცინაცია და ხალხ-ძაღლმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.

დღეს საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ძალიან ბევრი რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადებაა გავრცელებული, რომელიც კლინიკური სურათით ერთმანეთს ძალიან წააგავს, იმისთვის რომ საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ, აუცილებელია იმ დაავადებების გამორიცხვა, რომელიც შეგვიძლია. რომელი რესპირატორული დაავადებების გამორიცხვა შეგვიძლია? არცერთის, ჭირის გარდა! იმიტომ რომ სხვა დაავადებების სადიაგნოსტიკო საშუალებები არ შემოდის, ამიტომ დიფერენცირება ხდება კლინიკური სურათით, რომელიც ექიმის გამოცდილებასა და განახლებად ცოდნაზეა დაფუძნებული, ამიტომაც დღის განმავლობაში გვიწევს 3 ან მეტი პაციენტის ჭირზე გატესტვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ტესტი პოზიტიურია და ცხოველს ჭირი უდგინდება, ვტესტავთ რათა ვიცოდეთ რა მიმართულებით ავიღოთ გეზი.



რა სიმპტომებით ვლინდება და რა სახის მკურნალობა არის საჭირო ვირუსის დასამარცხებლად?

ჭირის რამდენიმე ფორმა არსებობს:

  1. რესპირატორული (სასუნთქი გზების),

  2. ნაწლავური (კუჭნაწლავის სიმპტომატიკით მიმდინარე),

  3. ნერვული,

  4. და კანის

ის, რომ ამ დაავადების დროს გადასხმის კეთება არ შეიძლება, არის აბსურდი. თუ ცხოველთა მოყვარულებს ასე უნდათ რომ მოიქცნენ, ეს მათი ნებაა, თუმცა მაშინ, როდესაც ორგანიზმი იფიტება, აუცილებელია ფიზიოლოგიური მაჩვენებლების კონტროლი და გამოფიტვის ხარისხის შემცირება. თუ ცხოველს წამალს ვერ დაალევინებ, ვენიდან მაინც უნდა შეუყვანო ის სითხე, გამოფიტვის ხარისხის შესამცირებლად და ის მედიკამენტებიც, რომელიც დაავადების სამართავად გამოიყენება. ეს ისე უნდა გააკეთო, რომ იცოდე რას აკეთებ, რამდენს და რისთვის. ცხადია როცა ცხოველი ჭამს და არ იფიტება, გადასხმების კეთება სრულიად ზედმეტია. ლეკვებში ეს დაავადება გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს და იმის გამო რომ ერთი ფორმიდან მეორეში ახასიათებს გადასვლა, კიდევ უფრო სწრაფად რთულდება, ოღონდ არა იმიტომ რომ სითხე გადაუსხეს, არამედ იმიტომ რომ ლეკვებში ნივთიერებათა ცვლა გაცილებით სწრაფია.

თუ არ გვინდა დაავადება სწრაფად პროგრესირებდეს გადასხმა რა საჭიროა? იმუნური სტატუსი დავუგდოთ ცხოველს და სისხლიც და ლიმფაც გამოვაცალოთ და დაავადების პროგრესირებასაც ხელი შეეშლება. პარალელურად მიმდინარე დაავადებების მიერ კონდიციის დამძიმებაც ნუ დაგავიწყდებათ!

მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს ვეტერინარი. არცერთი ვაქცინა არც ადამიანს იცავს 100%-ით. ვაქცინის დამცველობის ხარისხი 76-98%-ს წარმოადგენს, ან სულაც შეიძლება ნაკლებსაც და ეს ყველაფერი დამოკიდებულია: ცხოველის იმუნიტეტზე, ვაქცინაციამდე მოსამზადებელ პერიოდზე, ვაქცინაციის სქემის სწორად დაცვაზე, ცხოველის ორგანიზმის აღქმადობაზე, იმაზე თუ რამდენად იყო დაცული ვაქცინის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ცხოველის ხარისხიანად კვებაზე და იმაზეც, პირველ რიგში, ცხოველისთვის ვაქცინა ვინმემ ბაზრობიდან ჯიბით გაიტანა და თავისით აცრა, თუ ვეტერინარმა გამოიღო მაცივრიდან და გაუკეთა.


შესაძლებელია თუ არა, ვირუსი ძაღლიდან ადამიანზე გადავიდეს?

არა, ძაღლის ჭირი მხოლოდ ძაღლებისთვისაა საფრთხის შემცველი!


რა უნდა იცოდნენ დაავადებული ძაღლების პატრონებმა იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი და სხვა ძაღლების ჯანმრთელობა?

ვაქცინაცია აუცილებელია, რომელიც გვაძლევს გაცილებით დიდ ალბათობას ჭირი არ იყოს ლეტალური (მომაკვდინებელი), დეზინფიცირება იმ ტერიტორიების, რომლებიც გავრცელების არეალად მიიჩნევა, ვეტერინართან ინდივიდუალური კონსულტაციის გავლა და დაავადების პრევენციისთვის იმუნური სტატუსის გაძლიერება; მუნიციპალური და ვეტერინარული სამსახურების სათანადო ხარისხით და სწორი მიდგომებით მუშაობა, რათა ჯაჭვი არ დაირღვეს, და დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვჭირდებოდა და დღესაც გვჭირდება საკმაოდ დეფიციტური პრეპარატი, რომელიც ხორცისმჭამელთა ჭირის სამკურნალოდ გამოიყენება თანამედროვე ვეტერინარიაში. ჩვენი დახმარებით ბევრი ძაღლის სიცოცხლე გადარჩა და ამ გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვინც გვენდობა და ვისაც უნდა, რომ დახმარების ხელი სხვას გაუწოდოს.

ამ დეფიციტურ წამალს შეძლებისდაგვარად ვშოულობდით, ან გვჩუქნიდნენ, მერე ჩვენც ვჩუქნიდით პაციენტის პატრონებს, საბოლოოდ, მადლიერი პატრონები თვითონ მოდიოდნენ და გვჩუქნიდნენ იგივე წამალს სხვისთვის ხელის გასამართად და ისე მოხდა, რომ ამ ბოლო პერიოდში, უკვე უცხო ხალხიც მოდის და მოაქვს საჩუქრად ის, რასაც სიცოცხლის შანსი ქვია იმ ცხოველებისთვის, ვისაც ჭირი დაუდგინდათ.

დიდ მადლობას ვუხდით ყველას, სიკეთე გადამდებიაო ამბობენ და სწორედ ეს გვაქვს სახეზე ამ რთული პანდემიის ჟამს.

სიცოცხლე სიცოცხლეა, ადამიანი იქნება ეს თუ ცხოველი...