top of page

როგორ შევუმსუბუქოთ ძაღლებს საახალწლო შფოთვა 🐶🎆



ახალი წელი ჩვენთვის შეიძლება სახალისოა, თუმცა ბევრი ძაღლისთვის ის სტრესთან არის დაკავშირებული. ფეიერვერკებისა და ყიჟინის ფონზე, ზოგი ძაღლი კანკალებს, იმალება ან პირიქით - ყეფს და ხმაურისკენ გარბის. ყველა ეს რეაქცია შფოთვისა და შიშის გამომხატველია.

მაგრამ სულ არ არის აუცილებელი, რომ ძაღლებისთვის ახალი წელი შფოთვასთან იყოს ასოცირებული. თუ ძაღლს რამდენიმე დღით ადრე (ან იდეალურ შემთხვევაში, კვირებით ადრე) მოვამზადებთ, ახალი წლის ღამე მისთვისაც და ჩვენთვისაც ზედმეტი თავის ტკვილის გარეშე ჩაივლის. ამ პროცესში ყველაზე მთავარი მოთმინება და თანმიმდევრულობაა.



როგორ მივაჩვიოთ ძაღლი ფეიერვერკის ხმას?



ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში მოძებნეთ ფეიერვერკების ხმა და ყოველ დღე მოასმენინეთ (მეტი ეფექტისთვის ჯობს დინამიკებით მოასმენინოთ). ჯერ დაბალ ხმაზე, ერთი-ორი წუთით და მისგან შორს. ნელნელა უფრო და უფრო მაღალ ხმაზე, დიდ ხანს და მასთან ახლოს. როცა კი ყურადღებას არ მიაქცევს, შეაქეთ და სასუსნავით დააჯილდოეთ. თუ შეეშინდა, არ დააწყნაროთ, მშვიდად იყავით და მოიქეცით ისე, თითქოს არაფერი ხდება. სასუსნავი არ მისცეთ, რომ უნებლიედ შიშისთვის არ დააჯილდოოთ. უბრალოდ ხმას დაუწიეთ, სხვა ოთახში გადით და მეორე დღესაც სცადეთ!



როგორ ‘დავიცვათ’ ნაძვის ხე ?



თუ თქვენს ძაღლს ნაძვის ხე აქამდე არ უნახავს, ბუნებრივია, რომ ის მასში დიდ ინტერესს გამოიწვევს. ნაძვის ხის აწყობისას ან მორთვისას დიდად ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენს ძაღლს, მაგრამ ნურც იმას დაუშლით, რომ გიყუროთ და ყველაფერი დაყნოსოს. ესეც გარემოს შეცნობის ნაწილია. მაგრამ როცა ნაძვის ხე მზად იქნება, უნდა გააგებინოთ, რომ მასთან ახლოს მისვლა ან სათამაშოების მოპარვა არ შეიძლება.

რამდენჯერაც ახლოს მივა, დადექით ძაღლსა და ნაძვის ხის შორის, მიიწიეთ ოდნავ თქვენი ძაღლისკენ და ხელით მიუთითეთ თავისი ადგილისკენ, თან უთხარით „არა“, „დაანებე თავი“ (ან რა სიტყვასაც ხმარობთ ხოლმე მსგავს სიტუაციებში). მივა თუ არა თავის ადგილას, შეაქეთ და მხიარულად უთხარით „შენს ადგილას!, კარგია!“. შეგიძლიათ სათამაშო ან სასუსნავიც მისცეთ.

ზოგადად, როცა ძაღლს რამეს უკრძალავთ, კარგია, ალტერნატივაც შესთავაზოთ. ასე ისწავლის არამხოლოდ რა არ შეიძლება, არამედ ასევე რა შეიძლება! 😊



როგორ მოვიქცეთ 31 დეკემბერს?



იმისთვის რომ ძაღლი შედარებით მშვიდად შეხვდეს ახალი წლის ღამეს, დღის განმავლობაში დაახარჯინეთ რაც შეიძლება მეტი ენერგია. გაიყვანეთ 2-3 საათით სასეირნოდ პარკში ან ისეთ ადგილას, სადაც აშვებული ითამაშებს სხვა ძაღლებთან ერთად. თუ დიდი ხნით გარეთ ვერ გაგყავთ, სახლში ეთამაშეთ: გაწევ-გამოწევა, დამალობანა, გასწრობანა და სხვა.

სუფრის გაშლასა და ჟრიამულის დაწყებამდე, უზრუნველჰყავით სივრცე ძაღლისთვის, სადაც ის შეძლებს მოსვენებას, ისე რომ არავინ შეაწუხოს. მისი საწოლი ან ლეიბი უნდა იყოს სადმე კუთხეში, თუნდაც მისაღებ ოთახში, მაგრამ ხალხისა და მაგიდისგან მოშორებით. ბავშვებსაც აუხსენით, რომ როცა ძაღლი თავის ადგილასაა, არ უნდა შეაწუხონ.

წინასწარ მოიმარაგეთ სასუსნავი და დასაღრღნელი საგანი, რომელსაც მის საწოლში მოათავსებთ. ეს დაეხმარება ახალი წლის ღამეს ყურადღების სხვა რამეზე გადატანით.


როგორ მოვიქცეთ ახალი წლის ღამეს


ფეიერვერკების დროს ძაღლს არ დაუწყოთ ზედმეტად დაწყნარება! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და რაც შეიძლება წყნარად, მაგრამ მხიარულად დაუძახეთ, დააინტერესეთ იმით, რაც ხდება გარეთ. ფანჯარასთან მიიყვანეთ ან აივანზე გადით და ოდნავ დამშვიდდება თუ არა, შეაქეთ და შემდეგ წაეთამაშეთ.

გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტად დაუწყებთ დაწყნარებას, მით უფრო მეტად შეეშინდება თქვენს ძაღლს. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო მალე მიხვდება, რომ საშიში არაფერი ხდება.


თუ თქვენი ძაღლი დაიმალა ან ვერაფრით დაწყნარდა, მაინცდამაინც ნუ დააძალებთ თვალი გაუსწოროს შიშს. წყნარად დაუჯექით ახლო-მახლო და მისი ყურადრება მიიქციეთ სასუსნავით, სათამაშოთი ან რაიმე ისეთით, რაზეც უარს ვერ იტყვის. ბევრს ნუ დაელაპარაკებით, უბრალოდ ეცადეთ ყურადღება გაუფანტოთ და აათამაშოთ (მაგალითად, დაანახეთ სათამაშო და მერე უცბად დაუმალეთ და ასე).


თუ ძაღლმა ყეფა დაიწყო, დადექით მის წინ და დაჯდომა სთხოვეთ. დაჯდომისას შეაქეთ. შემდეგ ან ფანჯარასთან/აივანთან მიიყვანეთ და წყნარად დაელაპარაკეთ, ან თავის ადგილას წასვლა სთხოვეთ და თქვენც ახლო-მახლო დაუჯექით. მოიქეცით ისე, ვითომ არაფერი ხდება. ადგება და დაიყეფებს თუ არა, თქვენი ადგილიდან გაუნძრევლად მიუთითეთ ისევ მისი საწოლისკენ. დამშვიდდება თუ არა, შეაქეთ!


როგორც კი თქვენი ძაღლი ზედმეტად აჟიტირდება ახალი წლის ღამეს, მშვიდად მაგრამ მტკიცედ მიუთითეთ თავისი ადგილისკენ. მივა თუ არა, შეაქეთ. თუ ახტომა დაიწყო, შეაქციეთ ზურგი და დატოვეთ უყურადღებოდ. დამშვიდდება თუ არა, სთხოვეთ დაჯდომა და მერე მოეფერეთ.


გაითვალისწინეთ, რომ ახალი წლის ღამე არ ნიშნავს წესების დარღვევას. თუ ძაღლს მაგიდიდან საჭმელს არ აძლევთ ხოლმე, არც ამ ღამეს გააკეთოთ გამონაკლისი. არ იმოქმედოთ „ერთხელ არაუშავს“ პრინციპით, თორემ ამით მხოლოდ დააბნევთ ძაღლს და მოგიწევთ შემდეგში ისევ ნულიდან დაწყება.


ყურადღება მიაქციეთ საჭმლის განლაგებას და ძირს დაგდებულ ნამცეცებს! ეცადეთ, ძაღლმა შემთხვევით არ მოიპაროს საჭმელი, რაც არა მხოლოდ წესის დარღვევაა მისი მხრიდან, არამედ შეიძლება ცუდად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზეც. როგორც იცით, ძაღლებისთვის არ შეიძლება ტკბილეული, ნიგვიზიანი, ხახვი, ნიორი და უამრავი სხვა რამ.


თუ თქვენმა ძაღლმა მოახერხა საჭმლის მოპარვა, არ გაეკიდოთ. უბრალოდ გაუსწორეთ თვალი და მტკიცედ უთხარით „დაანებე თავი“, „ფუ“ (ან რასაც მსგავს სიტუაციაში იყენებთ ხოლმე). თუ ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო, დაანახეთ მისი საყვარელი სასუსნავი ან რამე სხვა, რაზეც უარს ვერ იტყვის და თქვენთან მოსვლა სთხოვეთ. მოვა თუ არა, ჯერ დაჯდომა სთხოვეთ და მერე მიეცით. შემდეგ სხვისი დახმარებით ან თავადვე აიღეთ მისი მოპარული საჭმელი.


ამ ახალ წელს პანდემიის გამო არ იქნება სტუმრიანობა, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გაითვალისწინეთ, რომ სტუმრებს (განსაკუთრებით ბავშვებს) უნდა აუხსნათ თქვენს ძაღლთან მისალმებისა და ურთიერთობის წესები. თუ ძაღლი დასტრესილია, უცხოებმა არ უნდა შეაწუხონ და დააძალონ კონტაქტში შემოსვლა. პირიქით, უნდა დაიხიონ უკან და დააცადონ, რომ ძაღლი თვითონ მივიდეს მათთან.



და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ თქვენს ძაღლთან ერთად კარგი დროის გატარება! 😊 რაც არ უნდა რთული ჩანდეს ახალი წლის ღამე, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, თქვენს ძაღლს „კარგად“ ქცევის წესები ასწავლოთ და შიში დაამარცხებინოთ!



თუ გაინტერესებთ შეიტყოთ მეტი ძაღლებთან ურთიერთობის შესახებ,

გამოიწერეთ გვერდი ინსტაგრამზე @sensitivecreatures_


761 views0 comments
bottom of page