top of page

ცხოველები და მათი უფლებადამცველები საქართველოში



ცხოველები, ადამიანების მსგავსად განიცდიან სიხარულს, ტკივილს, სიყვარულს, იმედგაცრუებასა და სიამოვნებას, მიუხედავად ამისა ხშირად გვესმის და ვხედავთ ცხოველების ჩაგვრის, წამებისა და უდიერად მოპყრობის საზარელ კადრებს. ადამიანები მათ, როგორც უსულო საგნებს ისე ეპყრობიან და თავს უფლებას აძლევენ სასიკვდილოდაც კი გაიმეტონ. დღეს განვითარებილ მსოფლიოში აღარავინ დავობს, რომ ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, გაფრთხილება და გვერდში დგომა სჭირდებათ, მათ უფლლებებს კი მკაცრი დაცვა.

ცხოველების უფლებებზე, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის“ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს - ნათია ჩიქოვანს ვესაუბრეთ. ცხოველებზე მზრუნველი ორგანიზაცია ოფიციალურად, პანდემიის დროს, დეკემბერში ჩამოყალიბდა თუმცა აქტიური საქმიანობა 2020 წლის მარტში დაიწყო.


- სალამი ნათია, მოგვიყევი შენს შესახებ, რას საქმიანობ და რითი ხარ დაინტერესებული?


პროფესიით მარკეტერი/საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და მოდელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც მაქვს. ასევე, რამდენიმე თვე ვიყავი შუა დღის გადაცემის წამყვანიც, რაც, არ დაგიმალავ და ძალიან მომწონდა :). ინტერესებიდან პირველ რიგში სოციალურ აქტივიზმს გამოვარჩევ - ყოველთვის ვიყავი სოციალურად აქტიური და ვცდილობდი ჩემი, როგორც მოქალაქის წვლილი შემეტანა საზოგადოებისთვის საკეთილდღეო ცვლილებებში. განსაკუთრებით, ქალთა უფლებები და შრომის უფლებების საკითხები მაინტერესებდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ჩავერთე ცხოველთა უფლებების სფეროშიც, რამაც მომიყვანა ამ ინტერვიუმდე :)


- ფრაგმენტი ბავშვობიდან, რამდენი წლის იყავი როცა შინაური ცხოველი გაჩნდა შენს ცხოვრებაში?


ცხოველი ბავშვობაში მხოლოდ ერთხელ მყავდა, ლეკვი, ალბათ 7-8 წლის ასაკში და ისიც ცოტა ხნით. დედაჩემი ვერ შეეგუა სახლში ცხოველს და გააჩუქეს. ძალიან მძიმე სტრესად მახსოვს ეს ამბავი დღემდე.

ზოგადად, მთელი ცხოვრება მიყვარდა ძაღლები, მაგრამ გაზრდასთან ერთად, ძალიან გამიზნულად ვდისტანცირდებოდი მათგან, ვიცოდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არ მინდოდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მეშინოდა.. კატები, გამოვტყდები, რომ 26 წლის განმავლობაში, იგნორირებული მყავდა. არ მძულდა ან მეშინოდა, შემეძლო მოვფერებოდი კიდეც, თუ სადმე სტუმრად ვნახავდი, თუმცა ნამდვილად არ მიყვარდა.


- გაიხსენე პირველი ფისო და მასთან დაკავშირებული ისტორია


გაცნობიერებულ ასაკში, ჩემი პირველი ცხოველი იყო ფისო, რომელიც ჩვენს სადარბაზოს შემოეჩვია. მაშინ, იმდენად არაფერი გამეგებოდა ცხოველის მოვლაზე, მახსოვს იოგურტს ვაჭმევდი :( თუმცა, მალევე შევიძინე კატის საკვები, რადგან ბოლო პერიოდში, სახლის ზღურბლთან მხვდებოდა უკვე.. რამდენიმე კვირის შემდეგ, გულმა ვეღარ გამიძლო და სახლის კარიც გავუღე...


- რამდენი ფისო გყავს ახლა და როგორ მოხვდნენ ისინი შენთან?


ამჟამად მყავს 2 ფისო ჩემთან და 1 ფისო დედაჩემთან. სამივე, რა თქმა უნდა, ქუჩიდან აყვანილი და გადარჩენილია.


ფისო ჯუნიორი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან იპოვეს, ტროტუარზე მიათრევდა უკანა ფეხებს (მენჯი ჰქონდა მოტეხილი და თიაქარი განვითარებული, სავარაუდოდ წიხლი ჰქონდა ჩარტყმული ფერდში). საბოლოოდ მე გავხდი მისი პატრონი, ყველაფერზე ვუმკურნალე, ოპერაციაც დასჭირდა და თიაქრის იმპლანტის ჩასმაც, მაგრამ ახლა უბედნიერესი და ჯანმრთელი კატაა.


ჰიკო დედაჩემის ეზოში ვიპოვე და რამდენიმე თვე უბრალოდ ვკვებავდი, ბოლოს ძალიან შემიყვარდა, ერთ დღესაც, მახსოვს, 29 აგვისტო იყო, დავავლე ხელი და წამოვიყვანე.


თომას ფოტო ფეისბუქზე, ფისომოყვარულთა კლუბის ჯგუფში აღმოვაჩინეთ მე და დედაჩემმა, ჩემს პატარა ძმას (ჩემი გავლენების გამო :)) ) ძალიან უნდოდა ფისო და თომა მოეწონათ. მცხეთაში იპოვა ერთმა ცხოველმოყვარულმა გოგომ და შეიფარა. თომას ჰქონდა თვალზე სერიოზული პრობლემა, 4 თვის განმავლობაში ვმკურნალობდით და მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ. ახლა ისიც ჩვენი ოჯახის წევრია. გარდა ამისა, ჩემს „ანგარიშზე“ ირიცხება 30-მდე ფისო და 1 ლეკვი, რომლებიც ქუჩიდან ავიყვანე და სამუდამო პატრონები ვუპოვე. ყველა საკუთარივით მიყვარს და მუდმივად ვკითხულობ მათ. მაქვს ცალკე ჯგუფიც შექმნილი, სადაც ყველა მათგანის პატრონი გავაერთიანე და სულ ვკონტაქტობთ.



- ცხოველების გამოჩენის შემდეგ, რამდენად შეიცვალა შენი ცხოვრება?


პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყოველთვის ვიცოდი მიუსაფარი ცხოველების პრობლემების შესახებ, თუმცა, ნამდვილად გამიზნულად ვდისტანცირდებოდი ამისგან. ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევაში თავით გადავეშვებოდი ამ თემებში, თუმცა, მაინც ასე მოხდა. სადარბაზოს მოჩვეულმა ფისომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.


- რამდენად დიდ დროს ატარებ ოთხფეხა მეგობრებთან და როგორ ზრუნავ მათზე?


პანდემიის პირველი ტალღიდან დაწყებული, ფაქტობრივად ყოველდღიური შეხება მაქვს მიუსაფარ ცხოველებთან, ძაღლებთან და კატებთან. მაგისტრალებზე მათი გამოკვება, გადარჩენა, მკურნალობა, გაჩუქება თუ უბრალოდ მოფერება. ვცდილობ როგორც შემიძლია და იმ მომენტში რისი რესურსიც მაქვს, ისე დავეხმარო მათ.

ჩემი ფისოები კი უდიდეს სიყვარულსა და სითბოში იზრდებიან.


- რა არის ყველაზე რთული მათი მოვლისას?


ჩემთვის ყველაზე რთული არის მუდმივი ღელვა იმაზე, რომ არ გამომეპაროს მათი, რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა. მათ ლაპარაკი არ შეუძლიათ, რომ გვითხრან როდის სტკივათ რაიმე, თან, კატები, ძაღლებთან შედარებით, კიდევ უფრო არაკომუნიკაბელურები არიან ამ მხრივ. ძაღლი წკმუტუნით მაინც მიგანიშნებს, რომ რაღაც აწუხებს და კატა შეიძლება დაიმალოს, ან დიდხანს ითმინოს და გვიან გაიგო რამე თუ უჭირს. ამიტომ, სულ მათ შემოწმებაში ვარ, რომ ნამდვილად ყველაფერი რიგზე აქვთ.


- ჩვენს ქალაქში უამრავი ქუჩის ძაღლი და კატა ბინადრობს, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რისი ბრალია ეს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?


ამ პრობლემას კომპლექსური მიზეზები აქვს და გადაჭრის გზებიც კომპლექსური უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში, ზოგადი ფონიდან გამომდინარე, ცხოველის მოვლის კულტურა ძალიან დაბალია. შესაბამისად, არ გვაქვს არც შესაბამისი ბერკეტები, კანონები და არც ცნობიერება, რომ დავიცვათ მათი უფლებები.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემას მოაგვარებს 5 მნიშნველოვანი სისტემური ცვლილება:


1. დაჩიპვის ვალდებულება - ყველა ცხოველი, რომელიც ცხოვრობს სახლში, უნდა იყოს ჩიპირებული. განვითარებულ ქვეყნებში, დაუჩიპავი ცხოველი ვეტერინართანაც კი ვერ მიგყავს.


2. სახლის პირობებში ცხოველის გამრავლების აკრძალვა - ცხოველებს, ჯიშებისა და მათი თავისებურებების მიხედვით, ყველა წესისა და კანონის გათვალისწინებით, უნდა აჯვარებდეს მხოლოდ ლიცენზირებული საშენი. საბოლოოდ კი ყველა ცხოველს უკეთდება სტერილიზაცია - კასტრაცია. ეს არის აბსოლუტურად ჰუმანური საერთაშორისო პრაქტიკა. ცხოველისა და ადამიანის სექსუალობას არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან და აბსოლუტურად სხვადასხვა ბიოლოგიური თავისებურებაა. ამ თემაზე ცალკე სტატიაა ნამდვილად დასაწერი. :)


3. ცხოველის სახლიდან გამოგდებაზე მაღალი ჯარიმის დაწესება. მსგავი ქცევის დაფიქსირებისას, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანებს ეკრძალებთ ცხოველის აყვანა მთელი ცხოვრების განმავლობაში.


4. აქტიური კამპანია ცნობიერების ამაღლების მიზნით. განათლება სკოლის ასაკიდანვე.


5. მიუსაფარი ცხოველების მასიური სტერილიზაცია-კასტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ თბილისში ტარდება მეტ-ნაკლებად ეს პროცედურა და ისიც ძირითადად მხოლოდ ძაღლებისთვის.



















- ფიქრობ თუ არა, რომ ცხოველების სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ადამიანების?


თუ არჩევანის წინაშე დგები, ალბათ ყველაზე რაციონალური არჩევანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა, თუმცა, ცხოველებს აქვთ უფლებები და მათი უფლებების დაცვა ჩვენი, როგორც ადამიანების, როგორც ყველაზე აღმატებული არსებების, ვალდებულებაა.

თუ პერსონალურად ვიმსჯელებ ამაზე, ჩემთვის კომპანიონი ცხოველების სიცოცხლე ზუსტად ისეთივეა მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის. ჩემი ფისოები ჩემი ოჯახის წევრები არიან და ზუსტად ისევე მიყვარს ისინი, როგორც სხვა წევრები. მათთვის ყველაფერს გავაკეთებ.


- მოგვიყევი „პროექტი ცხოველებისთვის“ შესახებ?


პანდემიის პირველი ტალღის დროს, ცხოველების მოყვარული ადამიანების დღის წესრიგში დადგა მიუსაფარი ცხოველების შიმშილით სიკვდილისგან დახსნის გეგმა. დაიკეტა ოფისები, რესტორნები, საკვები ობიექტები, ხალხის რაოდენობამ ქუჩაში იკლო - შესაბამისად, ამ სივრცეებსა და ადამიანებს მიკედლებული ცხოველები დარჩნენ სრულიად მარტო, საკვები წყაროს გარეშე. მათთვის ეს შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა...

ამიტომ, სასწრაფო რეჟიმში დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა უნდა გვეღონა. ისე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, შევიკრიბეთ ამ იდეის გარშემო, შევქმენით ჯგუფი: „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ და დავიწყეთ აქტიური კამპანია მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად. შედეგი იყო საოცარი - ჯამში 65 ტონამდე საკვების მობილიზება მოვახდინეთ, შემოწირულობებითა და ხალხის დახმარებით. მოვიძიეთ მოხალისეები რეგიონებში, მოვიძიეთ მოხალისეები, რომლებიც საკვების ტრანსპორტირებას ახდენდნენ რეგიონებში და ვეცადეთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოგვეკვება მიუსაფრები.

ამჟამად, უკვე ორგანიზაცია ვართ, სახელად „პროექტი ცხოველებისთვის“. ვაგრძელებთ როგორც ჩვენს ძირითად კამპანიას - ცხოველების გამოკვებას, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.



- რამდენი ადამიანი მუშაობს ამ ორგანიზაციისთვის და რა არის კონკრეტულად შენი როლი კოლექტივში?


ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს 9 დამფუძნებელი და თითოეულს აქვს თავისი ფუნქცია. საერთო ჯამში, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და ყოველდღიურად, აქტიურად ვართ ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში, მაგრამ ჩვენ-ჩვენი ძირითადი მიმართულებები მაინც გადავინაწილეთ. მე საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა მევალება.


- რა გზით ცდილობს ორგანიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებას?


ვაპირებთ ვკონცენტრირდეთ სხვადასხვა მიმართულებაზე, ერთ-ერთი მათგანი კი განათლებაა. სხვადასხვა თემების დამუშავება და ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მიწოდება საზოგადოებასთან - ჩვენი განათლების მიმართულების მთავარი დანიშნულება იქნება. სოციალური მედიით დაწყებული, სკოლებში ტრენინგებით დამთავრებული, კომპლექსურ აქტივობებს ვგეგმავთ. ამ პროცესებში მედიაც აქტიურად გვეხმარება და ხშირად გვაშუქებს.



- ვისაუბროთ ცხოველების უფლებებზე, როდის ირღვევა მათი უფლებები?


ცხოველის უფლებები ჩვენს ქვეყანაში მრავალი მიმართულებით ირღვევა. სახლის პირობებში მათი გამრავლება უკვე ცხოველის უფლების დარღვევა და მისი ექსპლუატაციაა, თუმცა ეს ალბათ ყველაზე მსუბუქი მაგალითია.

ყველაზე ხშირია ცხოველის აყვანა გაუცნობიერებლად (დაბადების დღის, ახალი წლის საჩუქრად და ა.შ.) და შემდეგ მისი გარეთ გაგდება: ქუჩაში, მაგისტრალებზე, დაუსახლებელ ადგილას დატოვება და ნელი სიკვდილისთვის გაწირვა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამის კონტროლი და პრევენცია. სწორედ ასე მრავლდებიან მიუსაფრები ჩვენს ქვეყანაში.

ხშირად გვაქვს არასათანადო მოპყრობის მაგალითებიც. პატარა სივრცეში, გალიაში გამოკეტვა, მოკლე საბელით დაბმა, შიმშილობა, ცემა და სხვა ფორმებით მათი წამება. სამწუხაროდ, ასეთი ქცევის საწინააღმდეგოდ ჯარიმა მხოლოდ 8 ლარია, ანუ ფაქტობრივად ცხოველებს ვერაფრით ვიცავთ...


- როგორ შეგვიძლია მათი უფლებების დაცვა, არსებობს კი რაიმე სახის კანონი? რა კორექტირებას შეიტანდით მასში?


პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კანონი და შემდეგ უკვე მოხდეს მისი აღსრულების მონიტორინგი, პარალელურად კი, კვლავ, ადამიანის ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და ასევე, აუცილებლად სახელმწიფომ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონი ფაქტობრივად არაფრის საპრევენციოდ არ არსებობს. არის ძალიან ზედაპირული და მსუბუქი. კანონმდებლობა ცხოველთა უფლებების შესახებ მთლიანად გადასახედი და გადასაწერია.


- რა სახით შეიძლება ხალხის ჩართვა თქვენს პროექტებში?


საზოგადოებას შეუძლია, ყოველთვიური დონაცია გაიღოს მიუსაფრების დასახმარებლად და ასევე, თავად ჩაერთოს მოხალისეობრივ პროცესებში. როგორც მინიმუმ, საკუთარი ეზოს, ქუჩისა, თუ უბნის მიუსაფრების გამოკვება უდიდესი დახმარებაა მათთვის და თუ მათ სტერილიზაცია-კასტრაციაზეც იზრუნებენ, რომ მომავალში აღარ გამრავლდნენ, უდიდეს წვლილს შეიტანენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.


- მოგვიყევი თქვენი ოგანიზაციის მიერ, უკვე წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ.


პირველ რიგში, ჩვენ შევძელით 65 ტონამდე საკვების მობილიზება ყველაზე რთულ პერიოდში და მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ცხოველის გამოკვება. ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი იყო მახინჯაურიდან, შემგროვებლისგან (animal hoarder) 75 კატის დახსნა, რომლებსაც ამჟამად ვმკურნალობთ და მომავალში მათ დაბინავებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

ზოგადად კი, უკვე გვყავს კერძო სექტორიდან სტაბილური მხარდამჭერები, რომლებიც თანხით, საკვებითა და მედიკამენტებით გვამარაგებენ და გვერდში გვიდგანან. უახლოეს მომავალში, კიდევ ბევრი გეგმა და აქტივობა გვაქვს წინ.


- რა სახის სამუშაოების ჩატარებას (განსახორციელებელი პროექტები, სოციალური აქტივობები და სხვა.) გეგმავთ მომავალში?


ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ვიმუშავებთ სხვადასხვა საკითხებზე: განათლება, ჯანმრთელობა და მოვლა, გამოკვება, სტერილიზაცია-კასტრაციები, კანონზე მუშაობა, უფლებების დაცვა - ამ მიმართულებების მიხედვით გაწერილი გვაქვს სტრატეგიები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით.


- რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ადამიანს იმისთვის, რომ ყველა ცხოველის უფლება დაცული იყოს?


პირველ რიგში, თუ ადამიანი თავად არის ცხოველის პატრონი, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ყველა ის წესი, რომელიც უნდა დაიცვას ცხოველთან მიმართებაში: სწორი და ხარისხიანი მოვლა, ჩიპირება, სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვ. უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ სტერილიზაციის წინააღმდეგია. პირველ რიგში მათ ამ პროცედურის საჭიროება, უსაფრთხოება და აუცილებლობა უნდა გააცნობიერონ.

ზოგადად, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების საკითხებში. ცხოველმოყვარულებს, მოძულეებსა თუ ამ თემისადმი ნეიტრალურად განწყობილებს ერთი რამ გვაერთიანებს, არავის უნდა ქუჩაში მიუსაფარი ცხოველი. ამიტომ, ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ და მივმართოთ სახელმწიფოსკენ - მოვითხოვოთ კანონის ცვლილება და სისტემური ცვლილებები. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ასეული ცხოველმოყვარული ამხელა პრობლემის ლობირებას ვერ გაუმკლავდება.


სოციალური აქტივობა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია.



bottom of page